ციფრული სერვისების აქტი (DSA) მარტივად: როგორ იცავს ევროკავშირის კანონი თქვენს უფლებებს Instagram-ზე, TikTok-სა და X-ზე
Discover how the EU's new Digital Services Act (DSA) is rewriting the rules of the internet. Learn what this landmark legislation means for your daily online rights, how it forces platform transparency, and the ways it holds tech giants accountable for algorithms, targeted ads, and digital safety.

ციფრული სერვისების აქტი (Digital Services Act - DSA), ოფიციალურად რეგულაცია (EU) 2022/2065, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ჰორიზონტალურ რეგულაციას, რომელიც ევროკავშირში მომუშავე ყველა შუამავალი ონლაინ სერვისისთვის ერთიან სამართლებრივ ჩარჩოს აყალიბებს. იგი მიღებულ იქნა ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ 2022 წლის 19 ოქტომბერს და გამოქვეყნდა ოფიციალურ ჟურნალში (OJ L 277, 27.10.2022). კანონი ძალაში შევიდა 2022 წლის 16 ნოემბერს და სრულად ამოქმედდა ყველა რეგულირებადი სუბიექტისთვის 2024 წლის 17 თებერვალს.
კანონის განმარტება: რეალურად რა არის DSA?
წარმოიდგინეთ ციფრული სერვისების აქტი (DSA), როგორც ევროკავშირის ახალი წესების კრებული ყველაფრისთვის, რაც ონლაინ სივრცეში ხდება. ევროკავშირის ძველი წესები, რომლებიც ჯერ კიდევ 2000 წლით თარიღდება, დაიწერა მაშინ, როდესაც ვებსაიტები ძირითადად მარტივი განცხადებების დაფებს წარმოადგენდა. დღეს ისეთი პლატფორმები, როგორიცაა Instagram, TikTok, Amazon და Google, მასშტაბური ქალაქებია და არა უბრალო საინფორმაციო დაფები. DSA წესებს სწორედ ამ ახალ რეალობას არგებს.
კანონი მუშაობს მარტივი პრინციპით: რაც უფრო დიდი პლატფორმა გაქვს, მით მეტი პასუხისმგებლობა გაკისრია:
- თუ თქვენ მართავთ ნებისმიერ ონლაინ სერვისს ევროკავშირში — იქნება ეს პატარა ბლოგის ჰოსტინგი, ღრუბლოვანი (cloud) საცავის კომპანია თუ ინტერნეტ პროვაიდერი — თქვენ უნდა გყავდეთ იურიდიული საკონტაქტო პირი ევროკავშირში და იყოთ გამჭვირვალე თქვენი საქმიანობის შესახებ.
- თუ თქვენ მართავთ პლატფორმას, სადაც მომხმარებლები ტვირთავენ კონტენტს — მაგალითად, სოციალურ ქსელს, ვიდეო საიტს ან ონლაინ მაღაზიას (marketplace) — თქვენ უნდა მისცეთ ადამიანებს არალეგალური პოსტების, თაღლითობის ან ყალბი პროდუქტების რეპორტინგის მარტივი საშუალება. ასევე გჭირდებათ შიდა საჩივრების სისტემა და რეგულარული საჯარო ანგარიშები, რომლებიც აჩვენებს, თუ რას შლით და რატომ.
- თუ თქვენ მართავთ ძალიან დიდ ონლაინ პლატფორმებს (VLOPs) და ძალიან დიდ ონლაინ საძიებო სისტემებს (VLOSEs) — რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირში თვეში 45 მილიონზე მეტ ადამიანს (მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს) წვდებით — თქვენზე ყველაზე მკაცრი წესები ვრცელდება. თქვენ უნდა შეამოწმოთ თქვენი პლატფორმის რისკები საზოგადოებისთვის, გაიაროთ დამოუკიდებელი ყოველწლიური აუდიტი, ახსნათ როგორ მუშაობს თქვენი ალგორითმები და გაუზიაროთ მონაცემები ავტორიზებულ მკვლევრებს, რათა მათ შეისწავლონ თქვენი გავლენა.
ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: DSA არ ხდის პლატფორმებს ავტომატურად დამნაშავედ ყველაფერში, რასაც მათი მომხმარებლები აქვეყნებენ. ძველი, 2000 წლის წესი კვლავ მოქმედებს: თუ ვინმე არალეგალურს ტვირთავს, პლატფორმა მყისიერად არ არის პასუხისმგებელი. მაგრამ, როგორც კი ვინმე დაარეპორტებს ამას, პლატფორმამ უნდა იმოქმედოს. ხოლო თუ პლატფორმის დიზაინი ან ალგორითმები ქმნის დიდ საზოგადოებრივ რისკებს, მან უნდა გამოასწოროს ისინი.
რატომ მიიღეს ეს კანონი: რა პრობლემას ჭრის იგი?
20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ონლაინ პლატფორმები მარტივი შუამავლებიდან გადაიქცნენ საჯარო დისკუსიებისა და კომერციის ყველაზე ძლევამოსილ მაკონტროლებლებად, თუმცა ისინი კვლავ თამაშობდნენ წესებით, რომლებიც დაიწერა მაშინ, როცა ინტერნეტში მოდემით (dial-up) შესვლა ნორმად ითვლებოდა.
ევროკომისიამ გამოავლინა ოთხი ურთიერთდაკავშირებული მიზეზი:
𝟏. არალეგალური კონტენტი და საქონელი ძალიან სწრაფად ვრცელდებოდა
სიძულვილის ენა, თაღლითობები, ყალბი მედიკამენტები და კონტრაბანდული საქონელი ავსებდა ონლაინ მაღაზიებსა და კომენტარების სექციებს. თითოეულ ქვეყანაში ეროვნულ მარეგულირებლებს არ ჰყოფნიდათ რესურსი, პლატფორმებს კი არ ჰქონდათ კონტენტის წაშლის ერთიანი სტანდარტი.
𝟐. ალგორითმები მანიპულირებდნენ ადამიანებით
ყველაზე დიდი პლატფორმების ბიზნეს მოდელი მარტივია: გაიძულონ, რომ მუდმივად ასქროლოთ (scroll). ამის მისაღწევად, ალგორითმები წინ სწევენ იმას, რაც ყველაზე ძლიერ რეაქციას იწვევს — რაც ხშირად ნიშნავს გამთიშველ, დამოკიდებულების გამომწვევ ან შოკისმომგვრელ შინაარსს. ბავშვებს და მოწყვლად ადამიანებს აწვდიდნენ საზიანო მასალას მანქანები, რომლებიც მათი ყურადღების ექსპლუატაციისთვის იყო შექმნილი.
𝟑. მომხმარებლებს არ ჰქონდათ ძალა
თუ Instagram-მა წაშალა თქვენი ანგარიში, ან YouTube-მა წაშალა თქვენი ვიდეო, ან Amazon-მა დაბლოკა თქვენი მაღაზია, თქვენ ხშირად გამოუვალ მდგომარეობაში რჩებოდით. შესაძლოა მიგეღოთ სტანდარტული იმეილი, რომელშიც ეწერებოდა, რომ „დაარღვიეთ საზოგადოების წესები“, მაგრამ რეალური ახსნის, გასაჩივრების უფლებისა და დამოუკიდებელი მსაჯულის გარეშე. პლატფორმებს ხელში ეჭირათ ყველა კოზირი.
𝟒. უდიდესი პლატფორმები მოქმედებდნენ როგორც საჯარო სივრცეები, მაგრამ მიჰყვებოდნენ კერძო ბიზნესების წესებს.
Facebook, TikTok და X გადაიქცნენ ქალაქის მოედნების თანამედროვე ეკვივალენტად, სადაც ასობით მილიონი ევროპელი განიხილავს პოლიტიკას, ეცნობა ახალ ამბებს და მართავს ბიზნესს. თუმცა ისინი იმართებოდნენ როგორც კერძო კლუბები: გაუმჭვირვალე წესებით, საიდუმლო ალგორითმებით და ყოველგვარი საჯარო ანგარიშვალდებულების გარეშე.
DSA სწორედ ამ ყველაფრის გამოსასწორებლად მიიღეს. მისი მიზანია აქციოს ინტერნეტი ისეთ ადგილად, სადაც იცით წესები; სადაც შეგიძლიათ თავი დაიცვათ უსამართლო მოპყრობის შემთხვევაში; სადაც არალეგალური კონტენტი სწრაფად იშლება; და სადაც ყველაზე დიდ პლატფორმებს არ შეუძლიათ თქვენი მანიპულირება თქვენივე ცოდნის გარეშე — ამასთან ერთად, შეინარჩუნოს ევროკავშირის ციფრული ბაზარი ღია ინოვაციებისთვის.
რა გავლენა აქვს საზოგადოებაზე?
მოქალაქეებისთვის:
- კონტენტის მოდერაციის გამჭვირვალობა (მუხლები 16–17, 20–21): თუ თქვენი კონტენტი წაიშლება ან შეიზღუდება, პლატფორმამ უნდა წარმოადგინოს „მიზეზების განმარტება“, სადაც აგიხსნით კონკრეტულ სამართლებრივ ან სახელშეკრულებო საფუძველს თუ რატომ წაგიშალეს ან შეგიზღუდეს თქვენი კონტენტი. თქვენ შეგიძლიათ გაასაჩივროთ ეს გადაწყვეტილება შიდა დონეზე, და თუ უკმაყოფილო დარჩებით, მიმართოთ სასამართლოსგარეშე დავების განმხილველ ორგანოს, რაც უფრო სწრაფი და იაფია, ვიდრე სასამართლო პროცესი.
- ალგორითმული არჩევანი (მუხლი 27): ძალიან დიდ პლატფორმებსა და საძიებო სისტემებზე (VLOPs/VLOSEs), უნდა მოგეცეთ სარეკომენდაციო სისტემების სულ მცირე ერთი ვარიანტი, რომელიც არ არის დაფუძნებული პროფაილინგზე, რაც ნიშნავს, რომ შეგიძლიათ თავი დააღწიოთ საათობით უსასრულო კონტენტის ყურებას, რომელიც სისტემამ პირადად თქვენზე დაკვირვებით შემოგთავაზათ და ნახოთ ნეიტრალური კონტენტი ქრონოლოგიურად ან სხვა არაპერსონალიზებული კრიტერიუმებით.
- რეკლამის გამჭვირვალობა (მუხლი 26): ყოველი რეკლამა მკაფიოდ უნდა იყოს მონიშნული. პლატფორმებმა უნდა აწარმოონ საჯაროდ ხელმისაწვდომი სარეკლამო რეპოზიტორები (არქივები), სადაც ნაჩვენები იქნება შინაარსი, სპონსორი და თარგეთინგის პარამეტრები. სენსიტიური მონაცემები (ეთნიკური წარმომავლობა, პოლიტიკური შეხედულებები, რელიგიური მრწამსი, ჯანმრთელობა, სექსუალური ორიენტაცია) აღარ შეიძლება გამოყენებულ იქნას რეკლამის თარგეთინგისთვის. არასრულწლოვნებზე მიზნობრივი რეკლამა სრულად იკრძალება.
- „ბნელი პატერნების“ (Dark Patterns) აკრძალვა (მუხლი 25): პლატფორმებს არ შეუძლიათ შექმნან ისეთი ინტერფეისები (საიტის დიზაინები), რომლებიც გატყუებენ, მანიპულირებენ ან არსებითად ამახინჯებენ თქვენს უნარს, მიიღოთ თავისუფალი და ინფორმირებული გადაწყვეტილებები. შესაბამისად, იკრძალება დამალული გამოწერის გაუქმების ღილაკები და იძულებითი წამოხტომი ფანჯრები (pop-ups).
- არასრულწლოვანთა დაცვა: პლატფორმებმა, რომლებიც ხელმისაწვდომია არასრულწლოვნებისთვის, უნდა დანერგონ ზომები არასრულწლოვანთა ფსიქიკური და ფიზიკური კეთილდღეობის, კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დასაცავად, მათ შორის, კონფიდენციალურობა სტანდარტულად (privacy-by-default) და შეზღუდვები ისეთი დიზაინის მიმართ რომლებიც დამოკიდებულების მარტივად ჩამოყალიბებას იწვევს.
ბიზნესებისთვის:
- ონლაინ მაღაზიებმა (Marketplaces) უნდა გადაამოწმონ მოვაჭრის ვინაობა („იცნობდე შენს ბიზნეს მომხმარებელს“) და განათავსონ მისი საკონტაქტო მონაცემები, რაც შეამცირებს ყალბ საქონელსა და თაღლითობას.
- პლატფორმებმა უნდა გამოაქვეყნონ თავიანთი პლატფორმის გამჭვირვალობის ანგარიშები სადაც ნათლად იქნება ასეხული ინფორმაცია კონტენტის მოდერაციის გადაწყვეტილებების, ალგორითმული სისტემებისა და რისკების მართვის შესახებ.
- ყველა პლატფორმამ უნდა ჩამოაყალიბოს მკაფიო წესები და პირობები მარტივი, გასაგები ენით.
შემაჯამებელი მიმოხილვა:
- ახლა თქვენ გაქვთ აღსრულებადი უფლებები პლატფორმების წინააღმდეგ. DSA სავალდებულოს ხდის არალეგალური კონტენტის მარტივად დარეპორტებას, წაშლის მიზეზების მკაფიო განმარტებას და დამოუკიდებელ გასაჩივრების მექანიზმებს, რაც მომხმარებლებს უძლური მომხმარებლებიდან უფლებების მქონე მონაწილეებად აქცევს.
- ალგორითმული კონტროლი თქვენს ხელშია. ძალიან დიდმა ონლაინ პლატფორმებმა (VLOPs) და საძიებო სისტემებმა (VLOSEs) უნდა მოგცენ საშუალება, უარი თქვათ პროფაილინგზე დაფუძნებულ სარეკომენდაციო სისტემებზე, რაც ასრულებს გაუმჭვირვალე და ჩართულობის მაქსიმიზაციაზე ორიენტირებული კონტენტის ეპოქას.
- აღსრულება რეალურია და ძვირადღირებული. გლობალური წლიური ბრუნვის 6%-მდე ჯარიმებით, ევროკომისიამ უკვე მიიღო პირველი გადაწყვეტილება შეუსაბამობის შესახებ (120 მილიონი ევრო X-ის წინააღმდეგ 2025 წლის დეკემბერში), რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს კანონი მხოლოდ ქაღალდზე არ რჩება.
Tamari is the founder and author of Behind the Policy. She holds a Bachelor’s degree in Political Science and is completing a Master’s degree in International Politics at KU Leuven. Her work focuses on translating EU laws, regulations, and policy developments into clear explanations of their impact on citizens and society.
წყაროები და კრედიტები
- 1. Regulation (EU) 2022/2065 of the European Parliament and of the Council of 19 October 2022 on a Single Market For Digital Services and amending Directive 2000/31/EC (Digital Services Act)** — Official text published in OJ L 277, 27.10.2022, pp. 1–102.
- 🔗 [EUR-Lex Full Text](https://eur-lex.europa.eu/eli/reg/2022/2065/oj/eng)
- 2. EUR-Lex Summary: Digital Services Act** — Official summary of aims, key points, and application dates.
- 🔗 [EUR-Lex Summary](https://eur-lex.europa.eu/EN/legal-content/summary/digital-services-act.html)
- 3. European Commission — The Digital Services Act: Ensuring a safe and accountable online environment** — Official policy portal outlining citizen rights, platform obligations, and enforcement framework.
- 🔗 [digital-strategy.ec.europa.eu](https://digital-strategy.ec.europa.eu/en/policies/digital-services-act)
- 4. European Commission — The impact of the Digital Services Act on digital platforms** — Official guidance on minor protection, election integrity, and platform impact.
- 🔗 [digital-strategy.ec.europa.eu](https://digital-strategy.ec.europa.eu/en/policies/dsa-impact-platforms)
- 5. European Commission Press Release: Commission fines X €120 million for breaching the Digital Services Act** (5 December 2025) — First formal non-compliance decision under the DSA.
- 🔗 https://ec.europa.eu/commission/presscorner/api/files/document/print/en/ip_25_2934/IP_25_2934_EN.pdf
- Image generated by AI, edited by Tamari